ყარსის ხელშეკრულება - მითი და სინამდვილე
თანამედროვე სამყაროს
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა დეზინფორმაციის ან ცრუ ნარატივების
გავრცელება.
დეზინფორმაცია ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაში აზრის ფორმირების ბუნებრივ პროცესზე და ცვლის ადამიანების ქმედებას. შედეგად, ხელს უწყობს სოციუმში არასწორი შეხედულებების ჩამოყალიბებას, დაბნეულობის გამძაფრებასა და ეჭვების გაღრმავებას, რაც თავის მხრივ, იწვევს პოლარიზაციის ზრდას. გარდა ამისა, აფერხებს დემოკრატიულ განვითარებას და დემოკრატიული
ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. უამრავ და
უმართავ ინფორმაციულ ნაკადს შორის რთულია გაარკვიო, რომელია ვალიდური და რელევანტური.
დეზინფორმაცია განზრახ გავრცელებული არასწორი ფაქტებია, რომლის მიზანია, ზიანი
მიაყენოს საზოგადოებას. დეზინფორმაციის გამავრცელებლები საზოგადოებისთვის მგრძნობიარე
თემებით მანიპულირებენ.
დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები განსაკუთრებულად მოწყვლადი არიან ცრუ ინფორმაციის მიმართ, რისი მიზეზიც რეგიონში არსებული არასტაბილურობა და რეგიონისადმი ისეთი აქტორების ინტერესია, როგორიც რუსეთია.
საქართველოში რუსული დეზინფორმაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობებისა და პრორუსული ნარატივების გავრცელებას ისახავს მიზნად. ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც კრემლი საქართველოში უკვე ათწლეულებია ახორციელებს.
დეზინფორმაციის გავრცელების მაგალითად გვინდა
მოვიყვანოთ ყარსის
ხელშეკრულება. მით უფრო, რომ ისტორიული წყაროა და მისი სწორი გაგება/ინტერპრეტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. 1921 წლის 13 ოქტომბერს, ქალაქ ყარსში, საბჭოთა რუსეთის მონაწილეობით, გაფორმდა „მეგობრობის ხელშეკრულება“ თურქეთსა და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის. სწორედ ყარსის ამ ხელშეკრულებით დადგინდა თურქეთისა და საქართველოს გამყოფი, სახელმწიფო საზღვარი, რომელიც
100 წელზე მეტია არ შეცვლილა.
ამ ხელშეკრულების შესახებ მრავალი მითი გავრცელდა. ახლა კი წარმოგიდგენთ ამ მითებს და ასევე გაგაცნობთ სიმართლეს.
მითი
N1: ყარსის ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს გაუვიდა, რის შემდეგაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმება სათუო ხდება.
რეალური ფაქტი: ყარსის ხელშეკრულება უვადოა და კონკრეტული ვადით არ იზღუდება.
ამ ხელშეკრულებაში მოცემული არ არის არავითარი ჩანაწერი რომ მას ვადა გასდის, ამასთანავე, საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ 1993 წლის 25 მარტის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მხარეები “დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით.“ ყარსის ხელშეკრულება
მოქმედებს მანამ, სანამ ერთ-ერთი მხარე მას არ დაარღვევს. თვითონ ხელშეკრულება არასოდეს არ მთავრდება. ყარსის ხელშეკრულების ნახვა ყველას შეუძლია ინტერნეტში, არსებობს როგორც ინგლისური, ისე ქართული და რუსული თარგმანი.
მთავარი აქ ის არის, რომ რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი აქვს ოკუპირებული და პრორუსული ძალები, რომლებიც ფინანსებს იღებენ რუსეთიდან, პროპაგანდას ეწევიან: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები აქვთ ოკუპირებული, ამის საპირწონედ იყენებენ – რომ, აი, თურქეთსაც ხომ აქვს მიტაცებული საქართველოს ტერიტორიები. მუდმივად ვრცელდება რუკები, რა ტერიტორიები დაკარგა საბჭოთა საქართველომ. ასე, რომ ეს არის პროპაგანდის ნაწილი და ჩვენ ამისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი, რადგან ამის რეალისტური საფუძველი არ არსებობს. ყოველმხრივ ცდილობენ, რომ ქართულ-თურქული ურთიერთობები ან გააფუჭონ, ან დაძაბულობა შეიტანონ.
მითი
N2: ბათუმში ნატოს ბაზის განთავსების შემთხვევაში, 2021 წლიდან რუსეთი აღარ იქნება ყარსის ხელშეკრულების პირობების დაცვის გარანტორი და ბათუმი თურქეთის ხელში გადავა.
რეალური ფაქტი: როგორც ზემოთ აღინიშნა, ყარსის შეთანხმება არავითარი ვადით არ არის შეზღუდული და 2021 წელს მისი ვადის გასვლაზე და რუსეთის გარანტორობაზე საუბარი სპეკულაციაა. რაც შეეხება განცხადებას ფოთის პორტში ნატოს სამხედრო ბაზის განთავსების თაობაზე, მსგავსი საკითხი საქართველო-ნატოს სამხედრო თანამშრომლობის ფორმატში საერთოდ არც განხილულა. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს სამხედრო ბაზები ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე არ გააჩნია, რადგან ალიანსი წარმოადგენს თავდაცვით სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის რომლებიც მისი წევრები არიან.
მითი
N3: ყარსის ხელშეკრულება მუსლიმებისთვის რეფერენდუმის უფლებას ითვალისწინებს.
რეალური ფაქტი: ყარსის ხელშეკრულებაში არ არის მუხლი, რომელიც რომელიმე აღმსარებლობის წარმომადგენელთა რეფერენდუმის უფლებაზე საუბრობს. რეფერენდუმში მონაწილეობის უ
ფლება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის 18 წლის ასაკიდან, მათი მრწამსის მიუხედავად, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით.
ზოგადად, დეზინფორმაცია ემსახურება გავლენის სფეროების შენარჩუნებას და ძალაუფლების ინსტრუმენტია. გასაგებია, რომ ცრუ ინსტრუმენტია, მაგრამ ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. ეს სჭირდება ძალაუფლების აქტორებს, – ამბობენ სოციოლოგები. ჩვენს რეალობაში, სადაც სოციალური მედია უდიდეს როლს თამაშობს ინფორმაციის გავრცელებაში, ყველა ჩვენგანს უნდა შეეძლოს ინფორმაციის გადამოწმება.
სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები
აქტიურად ცდილობენ, ხელი შეუწყონ საქართველოში დეზინფორმაციის გამოვლენას. დეზინფორმაციის
გამოაშკარავების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი Factcheck-ის პლატფორმაა.
პლატფორმა მიზნად ისახავს, გამოავლინოს სიმართლე, გამოააშკარაოს წყაროები და მოახდინოს
ფაქტებისა და მონაცემების ვერიფიკაცია.
ასევე, მნიშვნელოვანი პლატფორმაა ,,მითების დეტექტორი,“ რომლის
მიზანია, მოახდინოს ცრუ ინფორმაციის
იდენტიფიცირება, ფაქტების გადამოწმებისა და მედიაწიგნიერების ხელშეწყობის გზით საზოგადოებაში
დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და გავლენების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობა გარკვეულწილად
ცდილობს, დაიცვას საზოგადოება დეზინფორმაციისგან და ხელი შეუწყოს ქვეყანაში სანდო ინფორმაციის გავრცელებას,
რასაც კანონმდებლობაში არსებული კანონები მოწმობს, მათშორის: კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მაუწყებლობისა
და რეკლამების შესახებ.
დეზინფორმაციის გავრცელება ყველაზე ნაკლებად ახასიათებს
დემოკრატიულ საზოგადოებას, ვინაიდან დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიას, როგორც „მეოთხე
ხელისუფლებას,” ხელი მიუწვდება როგორც ინფორმაციის მოპოვებაზე, ასევე გავრცელებაზე.
საბოლოო
ჯამში, აუცილებელია თითოეულ ადამიანს შეეძლოს ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება და განსაზღვრა რამდენად შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ არ მოვიტყუოთ თავი და არ გავავრცელოთ დეზინფორმაცია საზოგადოებაში.
![]() |
| ყარსი - 1921 წლის 13 ოქტომბერი |
